დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

(1)

ფრიად დარბაისელ
ბატონ ზურაბ კიკნაძეს,
ჩემს პატივცემულ მოძღვარს

მე შენ კეთილ მამას გიწოდებ, რამეთუ არ ვუწყი, რომელი შეიძლება იყოს ამაზე საპატიო სახელი.

პლუტარქე

კეთილო მამა

(ჯერ არსთა გამრიგეს უნდა ვუთხრა მადლობა, რომელმაც, გამო მიზეზთა იდუმალ სხვათა და სხვათა, ჩემნაირი გამჭრიახი თვალის მექონისთვისაც კი დია ძნელი გამოსაცნობია უფლის გულისმურაზები, უუდიდესი სიკეთის ღირსმყო, მეოხმეყო ობლად შთენილს უდაბნოთ შორის და მე, დაბადებითგან უმამოსა და ბედის თოჯინას, თქვენი სახით მამა მაპოვნინა), არ ვიცი, წასაკითხი დრო ამჟამად თუ გაქვთ ან, უახლოეს მომავალში თუ არ, ოდესმე მაინც გამონახავთ მას, არც ის ვიცი, ახლავე აპირებთ ამ წიგნის შორს მოსროლას თუ ოდნავ მოგვიანებით, რასაც, გამოგიტყდებით, არასდიდებით არ ვისურვებდი, რამეთუ, მინდა ვიფიქრო, და ვფიქრობ კიდეცა, რომ ამ თხზულებას დღის მიწურულს სავარძელში აღსაყდრებისას ან, უპრიანია ითქვას, ასავარძლებისას თუ არ, საჭიროების ადგილას განმარტოების ჟამს მაინც იახლებთ, და თუ ნიადაგ მოქუფრული შუბლიდან ჭმუნვის ღრუბელი არ გადაგყარათ მან, მაშ, იმედს ვიტოვებ, რომ იმოდენს მაინც მოახერხებს, ჟამი-ჟამ გაგაცინოთ, რაც, დამეთანხმებით, თქვენი უსათნოებისათვის არცთუ პატარა ამბავი უნდა იყოს, და რასაც, თქვენის ნებართვით, ჩემი ხელის ყოველგვარ ჯილდოსა და წყალობაზე აღმატებულ ქირად ვიგულვებ, თავისთავს კი რაგინდარა ბედის ნებიერაზე უფრორე ბედნიერად ჩავთვლი, ხოლო, თუ ქველმა და დიდებულმა მეუფემ ამ ჭეშმარიტად ვირული მიძღვნის ჩაკითხვის მერმე კეთილინება და თავის სამგზის კურთხეულ კალთაზე მთხვევისა ნება დამრთო (თქვენი კეთილისმსურველი ქვეშევრდომი ავტორი თქვენგან კურთხევის მიღებაზე ფიქრსაც ვერა ბედავს), ეგრემც ღმერთი გადღეგრძელებთ, მაშინ ჩემს წასულ ბედს ძაღლი აღარ დაჰყეფს, თქვენი უდიდებულესობის ამ წყალობას კი არამცთუ სიკვდილის კარამდე, თვით ჯანაბაში და მოუსავლეთშიაც, და იმის იქითაც, ანუ უკუნითი უკუნისამდე, არ დავივიწყებ, დავივიწყებ კი არა, უთუოდ შთამომავლობას ვუანდერძებ, რამეთუ ამაზე საპატიო სხვა არაფერი ვიცი საანდერძებელი.

თქვენი მადლცხებული ფეხის მტვერი და ნაცარი,
ავტორი,
ან როგორც დღეს იტყვიან ჭკუაულევთა წრეებში,
ავტორის ავტორი

(2)

ან როდის იყო, ვირის თვალნი იმას ხედავდნენ, რაც ვირს მოეპრიანება? განა უპრიანი არ იქნება ვთქვათ, რომ თვალნი მისნი იმასვე ხედავენ, რაც უფალს ნებავს? ნუთუ არ გინახავთ, ორღობეში გაბოტილ კარაულს როგორ უჭრელებს პატრონი სახრეთი ზურგს, მაგრამ გაჯიუტებულ ცხოველს ნაბიჯსაც ვერ ადგმევინებს? ეს იმის ბრალია, რომ ღვთის სიტყვათა გამგები, უზენაესის ზრახვათა შემცნობი, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან, ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს. და მართლაც, ასეთ დროს სახედარი ისე დგას, თითქო ბუზები ეხვეოდნენ, სახრეს კი არ უშენდნენ, მიწასაც ისე ჩაშტერებია, თითქო მის თვალწინ მუნ ჭინკა ჩაიმალა, რომელსაც თალგამის ფოჩი და ძირტკბილას ფესვი დაუნახა ხელში. თითქო-მეთქი, ვამბობ, თუმცა სიმართლე, თუ გნებავთ, ესაა: სწორედ იმ წუთას იმ ჩემი ცოდვით სავსემ ისეთი რამ დაინახა, რამაც საძრაობა წაართვა და ერთბაშად გამოაშტერა. რას ვამბობ? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ორღობეში გაბოტილ ვირს გომურის ღმრთაებრივი სხივით განათებული ჭერი თეთრი, ბრწყინვალე და ქათქათა, ვით დიამანტი, და იმა ჭერქვეშ მოლოგინებული ღმერთი, ერთიც ლურჯწვერა ცისიერი ცის ბინადართ ლურჯი წვერი რომ აქვთ, ღრუბლებს მიღმა ჩაწოლილი ზრქელი სიცისფრისა გამო და რომ უკლებლივ ყველანი წვეროსნები არიან, ამაზე აღარაფერს ვამბობ (ისე, საცა სამართალია, ბარემ ესაც უნდა ითქვას: მთლად ლურჯი თუ არა, მოლურჯო ხომ მაინცაა, ღმერთმანი, ამ ჩემი ნავალი მოდგმის ბეწვიც, ?), გაფოთებული მოგვნი და ნამჯით მოფენილ მიწას ჩაშტერებული კაცნი ახსენდება; ესა კი ვისაც გინდა იმას გააბუცებს და გააშეშებს. არი კიდეცა გამაბუცებელი, რაღაი ამაზე დიდი შეცდომა, ჩემი ფიქრით, რასაკვირველია, იშვიათად თუ მოიძებნება კაცობრიობის მთელი ჰისტორიის მანძილზე, ცხადია, ძველი წელთაღრიცხვის გამოკლებით (აჰ, რა დრო იყო, დასწყევლა ღმერთმა! ვირს სულ ხელის გულზე ატარებდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ: ბაბილონელნი, კრეტელნი, ელინნი, ძველი ინდოელნი, მცირეაზიელნი, ეგვიპტელნი, ასევე ფრიგიელნი და ძველი სემიტები, და ., და . ყველას რა ჩამოთვლის. ერთ დროს მისრეთს კვერი და ხაჭაპური არ გამომცხვარა, ზედ ვირის გამოსახულება არა მჯდარიყო. გნოსტიკოსები ხომ პირდაპირ ამბობდნენ, ქვეყნის მეუფეს, საბაოთს, ვირის სახე აქვსო. ხოლო ძველი სემიტები თვით ცის თაღს გამოსახავდნენ ვირის სახით, მათთვის ხომ ვირი ცათა ღმერთი იყო და ხომ ვირითვე ხდებოდა ციურ სამეფოს ასვლა. ან, მაგ., ხომ დაუჯერებელია, მაგრამ ბერძნებს სჯეროდათ, რომ იუდეველნი და მათი წმიდა ქალაქი იერუშალაიმი სეთმა მას შემდეგ შვა, რაც ის ვირმა გადაარჩინა. ვირი ითვლებოდა სიძლიერის ნიმუშადაც, თვით უფლის ანგელოზმა არ აუწყა ისმაელს: კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორისო? იაკობმაც ხომ ისაქარი ჯან-ღონით არა ლომსა და მარტორქას, არამედ ბაკებში მწოლარე ძვალმსხვილ ვირს შეადარა. კიდევ მეტი, განა თვით უფალმა არ დაუდგინა მოსეს, ჩემია საშოს გამღები ყოველი მამალი პირუტყვი, მაგრამ საშოს გამღები სახედარი ცხვრით გამოისყიდეო, ანუ პირმშო კარაულისა იხსნე ცხოვარითაო? საერთოდაც, საკითხავია, რომ არა ვირი, ბიბლიურ გმირებს რა ეშველებოდათ? გარდა ზემომოყვანილი მაგალითებისა, აქ მარტო ბოსორის ძის ყბადაღებული ამბის გახსენებაც საკმარისი იქნებოდა. ანუ, რომ არა ისევ და ისევ ვირი, ვითომ რას უნდა ეხსნა ბალაკისკენ მიმავალი ბალაამი, ? აი, ბალამ-ბალამ! კიდევ მეტი, განა ვირით არ გააპარეს ჩვილი ღმერთი მისრეთს, ? ანდა, რომ არა ვირი, საკითხავია, დაიწერებოდა თუ არა საერთოდ ლურჯა ცხენები? და ეს რაც შეეხება, ასე ვთქვათ, მთლიან ვირს. თორემ სხეულის ისეთ ნაწილებზე, როგორებიცაა ვირის თავის ქალა, კუდი, ჩლიქები და ყბა, აღარაფერს ვამბობთ. ჯობდა კია, გვეკითხა, სახედრის თავყბა რომ არა, იმავე სამსონს ვითომ რით უნდა დაეფრინა მტერი, ? არადა, ხომ დაიფრინა და ხომ რქუა კიდეცა: ვირის თავყბით ვირთა დასიო, ვირის ყბით ვხოცე ათასიო. გეკითხებით, ისევ და ისევ რომ არა ვირი, ვითომ რას უნდა ეხსნა ან გიგანტებს შერკინებული მეხთამპყრობელი, ანდა დოდონას მიმავალი დიონისე? ამ უკანასკნელის საჭურველმტვირთველი და სატირთ მოთავე სილენოსიც ხომ ვირით დაეხეტებოდა ტყე-ღრეში, ? ? მოკლედ, როგორცა ჰხედავთ, ერთ დროს სწორედ ვირი იყო, როგორც მიწრიელთა, ისე ცისიერთა . Deus ex machina, და რომ არა ის, ვინ იცის, ჰისტორია როგორ დალაგდებოდა.). რას ვგულისხმობ? რასა და, სულ რომ ემაგ კურთხეულ ჭიპზე გასკდეთ, კეთილო მამა, ჩემზე უფრო ხშირად ვერც ერთი შინაური ცხოველის გამოსახულებას ვერა ჰპოვებთ იმ რელიგიურ ატრიბუტებზედ, ხატ-იკონებიდან მოყოლებული ვინემ ვოქროთი მოვარაყებულ თასებამდე ჩათვლით, ანუ რაც რამ გლახ მოკვდავი ქრისტეანის ხელიდან გამოსულა, ოღონდ ეგაა, რომ ამ უკანასკნელთაგან სწორედ ჩემს ჩამომავლობას აწევს ყველაზე დიდი ჯაფა ცოცხალ არსებათ შორის (ცხადია, ყველას ერთ ქვაბში ვერ ჩავყრით, რამეთუ იყვნენ ისეთებიც, ვინც ჩემი მოდგმა არც ახალ ერაში დაივიწყა. იმავე იერუსალემის ერთ-ერთ ტაძარში ხომ დიდხანს იდგა ვოქროს ვირის თავი თუ ვირზე ამხედრებული ქვის წვეროსანი კაცის ქანდაკი, მგონი მოსესი, რომელიც, ოლღა მიხაილოვნას თუ ვენდობით, სახედარზე მჯდარ იესოს მითოლოგიურ პირველსახეს წარმოადგენდა; იტალიელებმაც ხომ მთლად ღვთისმშობლის ეკლესიაში დაუდგეს ვირს ქანდაკება; ფრანგებსაც ხომ წმანესას რაიც ფრანციცულად წმიდა ვირსა ნიშნავს კულტი ჰქონდათ, და ., და . ან ის რადა ღირს, ღმრთისმსახურებასა და ლიტურგიებს რომ ატარებდნენ ვირის გამო და ვირის მონაწილეობით და, აკრძალვის მიუხედავად, უმაღლესი სასულიერო პირნი ვირის ქება-დიდებას რომ აღავლენდნენ და ვირისებრ ყროყინებდნენ? მიაქცევდით ყურადღებას, ჩვენ აქ გაკვრითაც არ ვახსენებთ იმ ვირისთავა მამაკაცს, კართაგენის ქუჩებში რომ დადიოდა კისერზე დაკიდებული დაფით, საცა ეწერა: ქრისტეანთა ღმერთი ვირის ქმარი და არც იმ პალატინურ ნახატს, საცა ჯვარზე გაკრული ვირია გამოსახული, და სხვ.) მერმედა, თვითონ როგორა ფიქრობთ, არი თუ არა ეს შეცდომა? რაო, მაშ, გაგიჭირდათ პასუხის მოცემა? , ეგ არაფერი, ორღობეში გაბოტილი ჩემი წინაპრებიც იმ ღამიდან მოყოლებული დღესამომდე სწორედ ამაზე ასრესენ ტვინს, თუმც პასუხს ჯერ ათასი წყრთითაც ვერ მიახლოებიან. და თუ ეს, თქვენი აზრით, შეცდომა არ არი, გთხოვთ მომიტევოთ, ამაზე დიდი შეცდომა მე არ ვიცი...

(3)

1931 წლის 26 სექტემბერს დილაუთენია საბჭოთა პოეტმა გალაკტიონ ტაბიძემ ღმერთი მაღალი ახსენა: მამავო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ხრწნადობის სამკვიდრებელსა ზედა, სიტყვა ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, სიტყვა გამოჩინებული, ჯერეთ უსმენელი, ზენამდვილი, თაურსიტყვა, რომელიც მე, ბედისწერის კოსმიურ რკალში დანთქმულ უმეცარს, ციურ მნათობთა წრებრუნვის მარყუჟს შემაკვრევინებს, სიტყუა გულისა შენისა თესლით თესლადმდე, უპირველესი სიტყვა, რომლითაც თვითონ ითხზვი, რათა მერმე უხვად მოისთვლა შენივე ღვაწლის ნაყოფი.

და ეს თქვა თუ არა, კარზე დათქმულივით წამისუმალ ზარი დაირეკა, ღამენათევი პოეტი მოულოდნელობისგან შეხტა, ისე რომ თავზე დარქმული დაფნის გვირგვინის ფოთლები ხაფად შეუტოკდა, ვითა ოფოფს თომარ-ჯიღა. (ამ წნულით ორიოდე კვირის წინ დიდუბის რკინიგზელთა სახლში გამართული საღამოს დამთავრებისთანავე შეუმოსეს თმა მისი პოეზიით აღფრთოვანებულმა რკინიგზელებმა. პოეტსაც მთელი ამხნის მანძილზე არ მოუშორებია ის: ჯერ კიდევ ნედლი, ტენიანი ფოთლების ნელსულნელება, წნული რომ ამცვრევდა, უცნაურად მოქმედებდა, თითქო ამშვიდებდა, უშფოთველ მდგომარეობაში აგდებდა მას.) გალაკტიონს, ცოტა არ იყოს, საქციელი წაუხდა. ეს ადვილი გასაგებია: დღეს შეიძლება ვინმეს შეთხზულ ამბად ან გადაჭარბებად მოეჩვენოს ამის მწკიცება, თუმც }ospan>მრავალ და სულ ერთიერთმანეთზე უტყუარ წყაროებში დადასტურებულია, რომ დილის ზარისადმი კრთომას ყოველი საბჭოთა მოქალაქე დედის რძესთან ერთად იწოვდა და ისისხლხორცებდაო. ეს ისე, პიკანტური წვრილმანი.

ამგვარად, ქარიტებითა და ეროტებით გარშემორტყმული გალაკტიონიც კი, ვისთვისაც, ვით მიჩნეულია, ქვეყნიერების დასავლეთ სამანში ხის ჩეროში მხართეძოზე წაგორება, მწუხრის ნიმფებთან ჭუკჭუკი და ოქროს ვაშლების კნასვა (სხვათა შორის, იმ ღამით, ოქროსას ვინ ამბობს, ჭიანაჭამიც კი არ ჩაუკუკნავს, მაგიდაზე დახრილი დილამდე სულ ერთთავად აჭრელებულ ფურცელსა ჭვრეტდა: რანაირად არ ეცადა, საიდან არ მოუარა, რომ იტყვიან, ლამის ოთხშიაც ამოვიდა, მაგრამ ხეირიანი, პწკარი რომ პწკარია, მსგავსიც ვერაფერი გამოადნო; ამიტომ იყო, დილაუთენია ყოვლისა მჭვრეტი ღმრთის სახელი რომ აღმოხდა ჰოვსილადაკარგულსა და გამწარებულს) ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო, ვითცა ძაღლისათვის ძვლისა ტკვერვა, ერთმა ზარმა თვალის დახამხამებაში გააფუჭა და ბრინჯივით დააბნია.

რა ბევრი გავაგრძელოთ, გალაკტიონს, ქართველ რკინიგზელთა სამკაულს, ჭეშმარიტად გამარადისების ღირსს, ზარის აწკრიალებისთანავე ლამის მხნეობაც მიეხადა და წონასწორობაც დაეკარგა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საღი აზრი არ დაუკარგავს: ადე, გალაკტიონ, და გააღე კარი... მინამ თვითონ გაუღიათ, თავისთავს შეუძახა , ზარი ჯერ კიდევ რეკავდა, რომ ფეხზე აიჭრა, მხრებზე ბამბის ხალათი მოიგდო, ოფოფის ჯიღასებრ აფოფრილ დაფნისა წნულის თავიდან მოხსნა კი ამ ფაციფუცში სულაც დაავიწყდა, და წინკარში გატუსტუსდა. არც რა უკითხავს, კარი ფართოდ გააღო და, ის იყო, მოგონილი არხეინობით, მობრძანდითო, უნდა ეთქვა, რომ მომზადებული სიტყვა გაუშრა და, თოლიგეო, ესღა ამოღერღა...

   სად შევიძინოთ